კონგრესმენი გერი კონოლი: არასოდეს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას

არასოდეს ვაღიარებთ ოკუპაციას და ამ საკითხზე რეაგირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მოვახდენთ, – ამის შესახებ განცხადება კონგრესმენმა გერი კონოლიმ გააკეთა, რომელიც ”ამერიკის ხმის” ქართულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ “ქართული ასოციაცია ამერიკაში” ყოველწლიურ ღონისძიებაზე ამერიკის ორ კონგრესმენს, რესპუბლიკელ ტედ პოს და დემოკრატ გერი კონოლის საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის ორგანიზაციის ტრადიციული ჯილდო გადასცა. კონგრესმენები ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
“მე და კონგრესმენ პოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანნი ვართ. ჩვენ ერთიანნი ვართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ნატოს გენერალურ ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს წარმომადგენლებთან იქაც ვმუშაობ იმისთვის, რომ ნატოში ჩვენმა ყველა მოკავშირემ გაიგოს იმის მნიშვნელობა თუ რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა კონოლიმ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, რომ გადავხედოთ რა მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, დავინახავთ იმის ჩანასახს თუ რა მოხდა შემდეგ ყირიმში და რა ხდება აღმოსავლეთ უკაინაში.
”ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თქვენ, რუსეთის მეზობლებმა, უფრო კარგად იცით, ვიდრე მე, რომ რუსებმა გაიგონ – არალეგალური ნიშნავს არალეგალურს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპაციას და რეაგირებას გავაკეთებთ იქამდე, სანამ სიტუაცია არ გადაიჭრება. ამ შემთხვევაში, ცხადია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას ვგულისხმობ”, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
კონგრესმენები გერი კონოლი და ტედ პო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ივლისში ჩამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები