პრემიერი: მყავს გარკვეული კანდიდატურები, რომლებსაც ამ სამი მინისტრის თანამდებობაზე განვიხილავ

ახლა, რომ ვთქვა შერჩეული არ მყავს მათი შემცვლელები, არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მოსალოდნელია მათი წასვლა, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”რესპუბლიკელ” მინისტრებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განმარტა, მისთვის უცნობია, თუ როდის დატოვებენ ”რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს.
”რომ ვთქვა ახლა, რომ შერჩეული არ მყავს მათი შემცვლელები, არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ – წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, რომლებსაც ამ სამ თანამდებობაზე განვიხილავ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის.
”ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, კალაძე, ხადური და ბაქრაძე – ნაადრევია მათზეც საუბარი, იქნებიან თუ არა სიაში. არ არის აუცილებელი, რომ მინისტრები იყვნენ სიაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არაა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ცვლილება იყოს. როდის მოხდება, ამაზე პროგნოზებს და მკითხაობას არ დავიწყებ. ცვლილებები ნამდვილად იქნება და არა მხოლოდ სიაში გადასვლის გამო, არამედ ისეც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, მის მიერ წარდგენილი მინისტრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დაკისრებულ მოვალეობებს თავს ძალიან კარგად ართმევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები