გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა
ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”მადლობა მინდა ვუთხრა პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.