პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ელოდებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს ელოდება, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადაწყვეტს, დაადოს თუ არა ვეტო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს.
„დაველოდებით „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს დადებას ეხებოდა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულად, ძალიან სამწუხაროა. „მესამე მოსმენით ისე მოხდა კანონის მიღება, რომ აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და უკვე გარკვეული კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არანაირი საფრთხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო, როგორც პრემიერ- მინისტრს, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით ამ კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდგომ გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კანონპროექტის გადაგზავნისთვის პარლამენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, ხოლო პრეზიდენტს ათი დღე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები