"სასამართლოში მოწმის დისტანციურად დაკითხვა შესაძლებელია"
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განაცხადებით, ტექნიკურად სასამართლოში მოწმის დისტანციურად დაკითხვა შესაძლებელია და ამას კანონმდებლობა უშვებს.
“სამართლებრივად ეს შეიძლება, მაგრამ მეორე საკითხია, მოწმეს როგორ შეატყობინებ და როგორ წამოვა მოწმე ამ დაკითხვაზე. თორემ სამართლებრივად და ტექნიკურად ჩვენთან, სასამართლოში ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ჩვენ მზად ვართ ამ ახალ წესზე გადავიდეთ”, – აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, მოწმის დაკითხვის ახალი წესი ქართულ სამართლებრივ სისტემაში 2010 წლის ოქტომბრიდან შემოვიდა, როდესაც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა. თუმცა, აღნიშნული ნაწილის ამოქმედება გადაიდო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეები ამ სიახლისთვის კარგად მომზადებულიყვნენ.
“სწორედ ეს წესი ითვალისწინებდა, რომ თუკი გამოძიებას გამოძიების პროცესში სჭირდებოდა მოწმეების დაკითხვა, ეს მოწმეები უნდა მოსულიყვნენ სასამართლოში და სასამართლოს წინაშე დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის თანდასწრებით უნდა დაკითხულიყვნენ. ეს არის ახალი სისტემა, რომელიც შემოდის ჩვენთან და იმედი მაქვს, ამოქმედდება”, – აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს.