მანანა კობახიძე: „ქართული ოცნების“ ყრილობა, გარკვეულწილად, საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იქნება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელი ყრილობა, გარკვეულწილად, საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი ვარაუდით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ძალიან საინტერესო გზავნილები გახმოვანდება. „პრემიერ-მინისტრს პარტიის თავმჯდომარედ ავირჩევთ და მის გზავნილებს ველოდებით. ასევე, წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევა, რომელიც ამ დოკუმენტს უფრო მეტად ეფექტურს და მოქნილს გახდის. გარკვეულწილად, ეს კამპანიის დასაწყისიც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას, პარლამენტარის განცხადებით, ყრილობა კანდიდატების პრეზენტაციას არ ახდენს. „საზოგადოება პოლიტსაბჭოს შემადგენლობას გაეცნობა და მას შემდეგ, რაც არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტი ოფიციალურად გამოიცემა, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში გადავალთ“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ. „ქართული ოცნების“ მეოთხე ყრილობა დღეს, 16.00 საათზე გაიმართება. ყრილობაზე დასწრების მიზნით, ყოფილ პრემიერებს – ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მოსაწვევები გაეგზავნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები