„არსებობს მოლოდინი, რომ პარლამენტში მოხდება ის, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“
არსებობს მოლოდინი, რომ პარლამენტში მოხდება ის, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებას. როგორც მან დღეს „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პარლამენტში შესაძლოა, შეიქმნას 76 დეპუტატისგან შემდგარი ახალი თემატური საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის, რომ კანონში გერმანული მოდელი აისახოს.
„არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე შეიკრიბება ახალი თემატური საპარლამენტო უმრავსლეობა – 76 კაცი იმისითვის, რომ კანონში გერმანული მოდელი აისახოს. მათ შორის იქნებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან, დაუჭირონ მხარი ამ მოდელს, ასევე „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ „გირჩი“ და რამდენადაც მე ვიცი, ერთი დამოუკდიბელი დეპუტატი – მურმან დუმბაძე. ეს 75 ხმაა.
„კონსერვატორებისგან“ და „მრეწველებისგან“ მოსმენილი გვაქვს, რომ ისინი რჩებიან უმრავლეოსობაში და არცთუ ისე გამორბიან კოალიციიდან. აცხადებენ, რომ ყველა იმ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, რაც კოალიციას მიუღიათო. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ აქტიურობენ. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიციაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ საკითხს მხარს ხელისუფლებაში მყოფი დეპუტატებიც დაუჭერენ. ზოგი განაწყენებულია,ზოგი მაჟორიტარული სისტემის ასე დამკვიდრებას მიესალმებაო, ამბობენ – თუ ასე მოხდა და ხელისუფლების გარეშე თუნდაც ახალი თემატური საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბდა, აღარც კი გაგვახსენდება, გერმანული მოდელი იყო ამის მიზეზი, თუ იაპონური. ეს ძალიან სერიოზული ცვლილებების განხორცილება იქნება პარლამენტში, რომ ამის მერე ქვეყანაში, სრულიად სხვა პოლიტიკურ ვითარებას მივიღებთ“,-განაცხადა ახვლედიანმა.