სოსო მანჯავიძე: „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოლიტიკური სუიციდი ჩაიტარა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ფაქტობრივად პოლიტიკური სუიციდი ჩაიტარა მაშინ, როდესაც მხარი არ დაუჭირა იმ საკითხს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკდიებელმა წევრმა სოსო მანჯავიძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისივე განცხადებით, „რესპუბლიკელებმა“ აღნიშულ საკითხს მხარი მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე ვერ დაუჭირეს. მანჯავიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკითხისთვის მხარის დაჭერა არც მას შეუძლია.
„ეს იმიტომ მოხდა, რომ „რესპუბლიკელები“ ლიბერალური ინტერნაციონალის წევრები არიან. მათი წესდება და იდეოლოგია არ მისცემს ამ პარტიას საშუალებას, რომ ეს გააკეთოს, ასეთი პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასადაც კი. უარი თქვეს იმიტომ, რომ იდეოლოგიურად გამობმულები არიან ინტერნაციონალიზმის პალოზე. ჩვენ ასევე ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც საოცრებები ისაუბრა, მაგრამ ამის მიღმა ის იმალებოდა, რომ მას არ შეუძლია ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა“,-განაცხადა მაჯავიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რას მოიმოქმედებს საინიციატვო ჯგუფი იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებაზე მათ უარს განუცხადებენ, მანჯავიძემ აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმას ისინი სწორედ უარის მიზეზის მიხედვით შეუმუშავებენ.
„რაც იქნება უარის მიზეზი, იქიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რომ შემდეგი მიზეზიც გამოვრიცხოთ. უმნიშვნელოვანესია, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდეს. ის არგუმენტი, რომ სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, რეფერენდუმი არ ჩატარდება, იმ ანეკდოტს ჰგავს, ახლა ტრამვაის ბილეთს ავიღებ და კონდუქტორის ჯინაზე ფეხით წავალო“,- განაცხადა მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები