ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება
„არ შეიძლება პროვოკაციად ჩაითვალოს ის, როდესაც ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს“,- ამის შესახებ განცხადება ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონიმ გააკეთა.
უილსონის განცხადებით, რაც მეტად შეუძლია ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სერიოზულ აქტორად ქცევა, მით უფრო მეტად უზრუნველყოფს ის სტაბილურობას რეგიონში.
“აშშ-ს საქართველოსთან ხანგრძლივი და მყარი სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს. ზოგიერთი ჩვენს მოქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, იგივეს გაიგებთ ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც. ეს მცდარი არგუმენტია, პროვოკაცია არ არის ის, რომ ქვეყანას საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი უწევს”,-აღნიშნა უილსონმა.
დეიმონ უილსონი “ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან საუბარში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სამხედრო წვრთნებს მასტაბილიზებელ ფაქტორად აფასებს.
“ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური აქტორები მხარს უჭერენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ხშირად გვთხოვენ ამერიკის მეტ ჩართულობას. ორივე მხარეს არიან ისეთებიც, ვინც ამას მხარს არ უჭერს. არსებობს ერთგვარი ბუნდოვანებაც, რადგან აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირეებს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ მიუციათ. ბევრს ურჩევნია ამ საქმეში მეტი სიცხადე იყოს. სიცხადე მასტაბილიზებელი ფაქტორია. ამ ეტაპზე, ასეთი მასტაბილიზებელი ფაქტორია ერთობლივი სამხედრო წვრთნები”, – განაცხადა უილსონმა.
ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორი“ წელს მეორედ იმართება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეალიზების ძალებში მონაწილეობისათვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზანად.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება, რომელშიც 1 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი.