სანდრო ბრეგაძე: გარანტიას გაძლევთ, რომ თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ბომბს გავხეთქავ

თუკი ჩვენ დღეს უარს გვეტყვიან და დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, გარანტიას გაძლევთ, რომ გავხეთქავ იმ ბომბს, რომელიც ჩემი ხელისუფლების ყოფნის პერიოდიდან დღემდე მიმდინარეობს, – აღნიშნული განცხადება მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ ქორწინებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე საუბრისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე გარკვეული სუბიექტების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ის დარწმუნებულია, რომ დღეს 4 საათზე ჩანიშნულ ცესკოს სხდომაზე, რეფერენდუმთან დაკავშირებით, უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბრეგაძე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს აფრთხილებს, რომლებიც დღეს, მისი განცხადებით, ორმაგ თამაშს თამაშობენ და ფარისევლობენ.
„ჩვენი მოქმედების გეგმა, რა თქმა უნდა, იარსებებს, მაგრამ პირადად მე რასაც გავაკეთებ, ეს იქნება ის, რომ თუკი დღეს ჩვენ გვეტყვიან უარს და ნამდვილად ვიცი, რომ მიზეზის პოვნისთვის, ახლაც მიმდინარეობს იურიდიული ნორმების ძებნა, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ მათ დავალება აქვთ მიღებული და ალბათ მოიფიქრებენ რამეს. ვიმეორებ, თუკი ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს და საქართველოს პარლამენტმაც ჩააგდო ეს საკითხი, გაძლევთ გარანტიას, რომ მე გავხეთქავ იმ ბომბს, რომელიც მიმდინარეობს ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან დღემდე და რაც დაკავშირებულია ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ საკონსტიტუციო შესწორების მიღება – არმიღებასთან. საკმაოდ ბევრი ადამიანია და გეტყვით, რომ ისინი არ არიან რიგითი მოქალაქეები, წინასაარჩევნოდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან იმ ორპირობისა და ფარისევლობისთვის, რომელიც დღეს არსებობს“,-აცხადებს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები