აშშ-ში მყოფმა დავით ბაქრაძემ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე ისაუბრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან: რენდი ვებერსა და სტივ ჩაბოსთან შეხვედრებზე მიმდინარე წლის 7-8 ივნისს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის სათანადოდ ასახვა საბოლოო დოკუმენტში.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას კონგრესმენებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მნიშვნელობა. შეხვედრებზე იმსჯელეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე.
თავის მხრივ, კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდამჭერი. კონგრესმენმა სტივ ჩაბომ გამოთქვა მზაობა შეუერთდეს კონგრესში საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები