ლევან ბერძენიშვილი: მარტო ხუხაშვილის, აბაშიშვილის და ჩიხრაძის სიყვარული არ არის პრეზიდენტობა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას აგინებს და ვისი პრეზიდენტია, აღარ ვიცი – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხდა.
ბერძენიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის.
,,პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, ის პრეზიდენტი არ არის.
აბაშიშვილი იმხელა ფიგურა არ არის, რომ მას სერიოზული პასუხი გავცე. თუმცა, რადგან მას უთქვამს, რომ ”რესპუბლიკელებს” რაღაც ახასიათებს, ეტყობა იცის, იმიტომ, რომ ახალგაზრდა „რესპუბლიკელების“ ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო. ეს განცხადებები სერიოზული არ არის. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას აგინებს და ვისი პრეზიდენტია, აღარ ვიცი. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მას გავაკრიტიკებთ. ვეტოსაც დავძლევთ, მაგრამ მან ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს. მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუ რა გააკეთა მისი ინსტიტუტის გადასარჩენად დათო უსუფაშვილმა. მაგრამ არ დაინახა, ჩვენ დაგვრჩა აზრი, რომ უმადურია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის პოლიტიკაში არავინ იყო და ერთ დღეში პრეზიდენტი გახდა. ეს ექსპერიმენტი გამართლებული და სწორი არ იყო და თუ აბაშიშვილს ჰგონია, რომ რაღაც თანამდებობაზეა და ამიტომ ბრძნულს იტყვის, დიდი ბოდიში. მისი დონე, მის განცხადებებს არ შეესაბამება“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პარტიებისა და ხალხის პატივისცემა უნდა ისწავლოს.
„მარტო ხუხაშვილის, აბაშიშვილის და ჩიხრაძის სიყვარული არ არის პრეზიდენტობა. ის თავისი კომპეტენციის ზღვარს მიღმაა და პროცესებს ვერ მართავს, საკუთარ უფლებებს არ იცნობს და უკვირს, ვიღაცამ ვეტო რომ დაუძლია. როგორი პრეზიდენტიც მარგველაშვილია, ისეთი თანაშემწეა აბაშიშვილიც. ის მაინც ვიცი, ვინ ვინ არის და ძალიან უცნაურია, რომ აბაშიშვილი ”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბარს ბედავს. ჩვენ 38 წლის პარტია ვართ, აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის. გაიზრდება და რაღაცას ისწავლის, თუმცა, მეეჭვება“, -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ,,რესპუბლიკელები“ პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები