“ტედ პოს განცხადება საქართველოს პროგრესის აღიარებაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კონგრესმენ, ტედ პოს მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია.
დეპუტატის თქმით, ტედ პოს განცხადება არ არის რიგითი, ჩვეულებრივი განცხადება.
სესიაშვილი აცხადებს, რომ კონგრესმენის განცხადება საქართველოს პროგრესის აღიარებაა. “უნდა ითქვას, რომ სწორედ გიორგი კვირიკაშვილი იყო ვიცე-პრემიერი, როდესაც მისი ინიციატივით დაფუძნდა აშშ-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი. ტედ პოს განცხადება გამორჩეულად ძლიერი მხარდამჭერი განცხადებაა. რაც მთავარია, ის ეფუძნება ობიექტურ მოცემულობას. ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება, იმ მიღწევების, რაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების მანძილზე დემოკრატიის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიაღწია. ასევე, ამ განცხადებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწოდება კონგრესის მიმართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ღიად და გამოკვეთილად დაუჭიროს მხარი აშშ-მ. მისი თქმით, საქართველო, რეგიონში არის ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული. “ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება მომავალში დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარების კუთხით. ტედ პომ ეკონომიკურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ინვესტიციები კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს საერთო ინტერესებს. ეს არ არის რიგითი განცხადება. ასეთი მოწოდება და მიმართვა აქამდე არ მახსოვს. ეს იყო ძალიან მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. ფაქტობრივად, კონგრესმენმა დააყენა საკითხი, რომ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს”,- განაცხადა სესიაშვილმა.
ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ, კონგრესში გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები