ქართულ დელეგაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ უმასპინძლა

     ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის წევრებს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს მაგდა მაღრაძეს კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ იოჰანესი და ვიცე-პრეზიდენტი კამრან ქანი მასპინძლობდნენ. განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელების ამჟამინდელი მდგომარეობისა და კომპაქტის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი წინამოსამზადებელი სამუშაოების განხივლა.
2013 წლის ივლისში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტს საქართველოში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ ახორციელებს. საერთაშორისო და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში სწორედ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით – საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები