ქრთამის აღებისთვის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მალხაზ ფარტენაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მოქალაქეს გონიოს დასახლებაში, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით დაბალ ფასად შეძენაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
2014 წლის 28 მარტს მალხაზ ფარტენაძემ წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).