დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ჩამოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია ”ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობასთან და სხვა სტუმრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
როგორც ქუმისშვილმა აღნიშნა, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ადგილზე დიდძალი ტექნიკაა მობილიზებული და ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, სინქრონულად მუშაობს.
ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია ”ტავ ჯორჯიასთან” მოლაპარაკებები 2015 წლის ივნისში დასრულდა და მოხდა ხელშეკრულების განახლება.
”აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მას შემდეგ რაც, მგზავრთნაკადი 1.8 მილიონს მიაღწევდა, მათ ჰქონდათ ვალდებულება ახალი ტერმინალის მშენებლობის. 2015 წლის ბოლოს მგზავრთნაკადმა მიაღწია აღნიშნულ ციფრს, შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, მათ წარმოადგინეს პროექტი. აღნიშნული ტერმინალის აშენებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას დაბრკოლების გარეშე. შემდეგ ხელშეკრულებაში კიდევ არის ჩადებული ასეთივე პუნქტი, რომ გარკვეული მგზავრთნაკადის მიღწევის შემთხვევაში, იქნება ვალდებულება, რომ ტერმინალი გაიზარდოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილს აეროპორტში სტუმრობისას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია ხორციელდება კომპანია Wirtgen-ის მანქანა დანადგარებით და რომ ანალოგიური უმაღლესი დონის ტექნიკით ცოტა ხნის წინ აბუ-დაბიში ”ფორმულა 1”-ის ტრასის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
კომპანია ”ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები