თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ზომებს შეიმუშავებს
თურქეთის ხელისუფლება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ზომებს შეიმუშავებს. ამ ზომებს თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის ბოლო განცხადებების შესაბამისად გამოიყენებს, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ტანჟუ ბილგიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა არ აპირებს საკუთარი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას იმის გამო, რომ ევროკავშირთან ვიზების გაუქმების შეთანხმების კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ 386 მიგრანტი მიიღო, მათ შორის – 14 სირიელი. ევროკავშირთან შეთანხმების ფარგლებში კიდევ 125 სირიელი ევროკავშირის ქვეყნებში იყო ჩასახლებული, – აცხადებს სააგენტო „როიტერი“.
ცნობისთვის, 18 მარტს ბრიუსელმა და ანკარამ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად ყველა არალეგალი, რომელიც საბერძნეთში თურქეთის გავლით ჩადის, უნდა დაბრუნდეს თურქი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის, 3 მილიარდი ევროს და თურქეთიდან სირიელი დევნილების ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ.