მაკა ბოჭორიშვილი: მოლდოველების გადასაწყვეტია როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველ ხალხს სურს ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი
მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მაია სანდუს მიერ მოლდოვის რუმინეთთან შეერთების შესახებ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.
მინისტრის თქმით, უცნაურია, როდესაც მოლდოვის პირველი პირი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით მსგავს განცხადებას აკეთებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეთ მათ და როგორი მიმართულებით წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას.
„ერთი რამ არის ფაქტი, ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც არის სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი და ამას ჰქვია სუვერენიტეტი, ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა გადაწეული და მოლდოვის პრეზიდენტისთვის ის არ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ის ქვეყნის ინტერესებს ხედავს, არა როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნის შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ, ეს არის მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტი, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ქართველ ხალხს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული.
„სწორედ ამიტომ აკეთებს ქართველი ხალხი იმ არჩევანს, რა არჩევანსაც აკეთებს და კიდევ ერთხელ ეს არჩევანი არის სწორედ იმის დასტური, რომ ქართველ ხალხს ყოფნის იმდენი სიბრძნე ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.