ირაკლი კობახიძე: რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ევროკავშირს სასიცოცხლოდ სჭირდება რეფორმირება, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახებს
რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული ადმინისტრაცია ევროპაში შექმნილ სწორედ იმ უარყოფით ტენდენციებზე საუბრობს ახლა, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
„რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის რეალურად ის სინამდვილე, რომელიც არის შექმნილი ევროპაში, ეს არის ის უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროპა, ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.