ანდრო ბარნოვი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხს ვერასდროს დააჯერა, რომ ტყუილს არ ამბობს

ანდრო ბარნოვი გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალ პარტიაში ყოფნას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ანდრო ბარნოვმა „კვირის პალიტრას“ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირების თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი განმარტებით, ადამიანები, რომლებმაც პარტიის წარმატებისთვის ბევრი იშრომეს, მას ეტაპობრივად ტოვებენ.
„ქოქოლა, რომელსაც პარტიაში დარჩენილები გვაყრიან, ამაზრზენია. ამ ფონზე იმედიც კი დავკარგე, რომ პარტიაში ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ამ პრობლემის მიზეზი ივანიშვილი კი არა, ის გუნდია, რომელიც ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგება. მოუთმენლად ველოდები, როდის შეამჩნევს სააკაშვილი, რა ხდება პარტიაში. გიორგი ვაშაძის წასვლაზე მისი სახელით გაკეთებული განცხადება კი გაუგებარი იყო, მაგრამ საეჭვოდ მეჩვენა, რომ წერილი პარტიამ გაავრცელა, რადგან სააკაშვილის ფეისბუქზე ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი“, – აცხადებს ანდრო ბარნოვი.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ფლანგებს, ანდრო ბარნოვი განმარტავს, რომ პარტიაში დაპირისპირებული ძალა დიდი ხანია არსებობს.
„რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სახეების გადაჯგუფებას, დრო გვიჩვენებს, ვინ როგორ დაჯგუფდება. გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრი შრომაა საჭირო, რაც გიორგი ვაშაძეს ნამდვილად აქვს. საზოგადოებას პოლიტიკოსის უნდა სჯეროდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ხალხს ვერასდროს დააჯერა, რომ ტყუილს არ ამბობს. უინტერესო და მოსაწყენია, რაც იქ ხდება“, – აღნიშნავს ბარნოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები