ქობულეთში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს და აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული კახა ჩ. და 1991 წელს დაბადებული გიორგი ხ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. შს სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ოზურგეთში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მოიპარეს ავტომანქანის მაგნიტოფონი, 2 საკასო აპარატი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფერადი პრინტერი, სკანერი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).