„წვიმის სტუმარი“

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის -„წმინდა ანდრიას ჯვარი“ და ქ. თბლისისის მერიის ორგანიზებით თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზედა პოეტის, ნიკა ფუტკარაძის კრებულის – „წვიმის სტუმარი“ პრეზენტაცია გაიმართა. ნიკასთვის ეს მეოთხე კრებულია. ის არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. აღნიშნული ფონდის, რომლის ეგიდით გაიმართა საღამო, მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების, ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა, პოპულარიზაცია.
„წმინდა ანდრიას ჯვარი“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ -„მემკვიდრეობის“ დამფუძნებელია. ნიკა ამ ფესტივალის საპატიო წევრია. ღონისძიებაზე კრებულის ავტორმა სტუმრებს, როკპოეზიაში ამღერებული ლექსები წარუდგინა, რომლის იდეა ნიკას ძმას, გიორგი ფუტკარაძეს ეკუთვნოდა. ხოლო 15 წლის პოეტის ინიციატივით მისივე ლექსი – „სისხლი“ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამას“ როკვის ფონზე თავად ავტორმა წაიკითხა. ექსპერიმენტებმა რამდენად გაამართლა, ამას დრო აჩვენებს.

_ნიკა, როდის დაიწყე წერა?
_ 8 წლის ასაკში. 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. პირველი, უმნიშვნელო ლექსი, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანი რუსეთის აგრესიას მივუძღვენი. შემდეგ კი ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს …
_ უკვე მეოთხე კრებულის ავტორი ხარ, გაიხსენე პირველი კრებულის გამოცემა და როგორც ავტორს რა მოგცა თითოეულმა კრებულმა?
_ პირველი კრებულის გამოცემა სიმართლე გითხრათ არ მახსოვს…რადგან მაშინ 9 წლის ვიყავი. პირველ კრებულს „მზე გამინათებს მწვანე ბილიკებს“ დავარქვით.პირველი კრებული დედას ინიციატივით გამოიცა, სადაც ლექსებთან ერთად ჩანახატებიც დაიბეჭდა. თითოეული წიგნი სიხარულთან და დიდ პასუხისმგებლობასთან არის გაიგივებული.
_ სჭირდება თუ არა დღეს ადამიანს პოეზია… და მუშაობის პროცესში განიცდის თუ არა შენი ლექსები ცვლილებას?
– პოეზია ცხოვრებაა… რაც ადამიანის თავს ხდება იმ გრძნობების და ემოციების ხატვაა…ხშირად პოეზია ცრემლის მიზეზი ხდება, ხშირად სევდის, ხშირად სიხარულის და უფრო ხშირად იმედის. მე, რომ ექიმი ვიყო ჩემს პაციენტებს მედიკამენტებთან ერთად ლექსებსაც გამოვუწერდი. რაც შეეხება რამდენად განიცდის მუშაობის პროცესი სახეცვლილებას გეტყვით, რომ წერის პროცესში შეიძლება ლექსი შეწყდეს, თუნდაც ყურადღების გაფანტვის გამო. ლექსის წერა თიხაზე მუშაობას გავს. იმ მუსიკას უნდა გაყვე რა მუსიკითაც იწყებ. ერთმა ზედმეტმა სიტყვამ შეიძლება ლექსის სტრუქტურა დაანგრიოს.
_ პირველ დადებით შეფასებაზე გვიამბე, იყო თუ არა კრიტიკა?
-ვცდილობ ნებისმიერ ჯილდოს და დადებით შეფასებას თავდახრილი შევხვდე. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ თავში ავარდნა დიდი ცოდვაა. ამიტომ პირველი ჯილდოც და აპლოდისმენტებიც პასუხისმგებლობით მივიღე. თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი სიხარულიც იყო, ამასთანავე ვხვდები, რომ თითოეული წარმატების შემდეგ გზა უფრო ეკლიანი და რთული ხდება. კრიტიკა – ეს ერთადერთია რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მაგრამ უბედურება ისაა, რომ კრიტიკას არ ღებულობენ. მეც მოვხვედრილვარ კრიტიკის ქარცეცხლში. განვიცადე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კრიტიკა გაძლევს შესაძლებლობას გაიზარდო, მეტად დაიხარჯო.
– ნიკა, მეოთხე კრებული განსხვავებულია როგორც შინაარსობრივად ასევე ხელწერითაც, რა ცვლილებებს განიცდის ნიკა ფუტკარაძის პოეზია და რა გეგმები გაქვს?
_ მეოთხე კრებულში „სველი ბეღურა“ თემები უფრო მრავალფეროვანია. ვთვლი, რომ ოთხივე კრებულს თუ შეაერთებთ მე მიმიღებთ ჩემი ფიქრებით, გრძნობებით, განცდებით. ამ კრებულის მხატვრობაც ახლოსაა ჩემთან. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „მემკვიდრეობა“ ორგანიზატორების რეკომენდაციით შევარჩიეთ მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება. მისი ხელწერა ჩემს შინაგან განყწობას საოცრად ავსებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მივდივარ გერმანიაში ბრანდერბურგის საზოგადოების ხელმძღვანელის, პავლე შპეტიშვილის მიწვევით.
_ რომელი მწერლის პოეზიაა შენთვის მთავარი ლაიტმოტივი?
-ეს მეც ვერ გამირკვევია. რაც არ უნდა წავიკითხო ყოველთვის ვუბრუნდები ოთარ ჭილაძის და ზურაბ გორგილაძის პოეზიას. ამათი შემოქმედება ჩემთვის სულის საზრდოა. ხშირად ვკითხულობ სერგეი ესენინს, ფრანსუა ვიონს, შარლ ბოდლერს.
“მე ხელით მომაქვს ეს ერთი ნერგი,
როგორც აღმდგარი ქრისტე ძვლებიდან”- ამ ფრაზით ვამბობ სათქმელს.ვცდილობ მკითხველამდე მივიტანო ის პრობლემები რაც აწუხებს ქვეყანას, დავანახო გადაშენებული ვაზი, ტაოში დანგრეული ტაძრები, მოვუწოდო სიყვარულისკენ.
nika2
nika3

ნანა ვერულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები