“მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს სასამართლო პროცესზე''
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს, ოღონდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვის დროს. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტს სამართლებრივად აბსოლუტურად სწორი და დასაბუთებული პოზიცია აქვს.
“მინდა გაგაცნოთ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელთანაც რამდენიმე საათის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი. კერძოდ, თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს აქვს სამართლებრივი პერსპექტივა, ბუნებრივია, ის წავა სასამართლოში შემდგომი სასამართლო განხილვისთვის. პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, რომ მოწმის სახით დაჰკითხოს ნებისმიერი მოქალაქე და მათ შორის ამ ჩამონათვალში იყოს ისეთი მოწმეც, რომელიც გამოძიების პროცესში არ იყო დაკითხული. როცა საქმის არსებითი განხილვა იქნება და მოსამართლე ჩათვლის მოწმე სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობას, იმ კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ჩაერთოს “სკაიპით” და სასამართლოს მისცეს ჩვენება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.