რა ელის სააკაშვილს?
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას კანონის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების და ბრალის წარდგენის უფლება აქვს.
როგორც პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ, იურისტმა ამირან გიგუაშვილმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლებრივი ნორმა არსებობს. ადვოკატის განმარტებით, ნორმის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა 4 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯოს. “მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა, შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვინაიდან ექსპრეზიდენტი არღვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას, რომლის თანახმადაც, მოწმე ვალდებულია შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალეობა და გასცეს პასუხი გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნულზე უარის გაცხადების შემთხვევაში, არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მაქსიმალური ზომა არის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, – განმარტავს ამირან გიგუაშვილი.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შესაძლოა ძებნა წითელი ცირკულარითაც გამოცხადდეს.
„371-ე მუხლით ბრალის წაყენების შემდეგ სავსებით შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა წითელი წირკულარითაც გამოცხადდეს. სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემულ პირზე, რომლის მიმართ დასჯდაობა აღემატება 1 წელს შესაძლებელია გამოცხადდეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა“, – აცხადებს ადვოკატი.
იურისტის თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე ბრალის წარდგენამდე, შესაძლებელია იძულების წესის გამოყენებაც, იმ მიზნით, რომ ის გამოძიების მიერ იქნას დაკითხული.