აკაკი ბობოხიძის ძმას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  ლევან ბობოხიძე  სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების  ფაქტზე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე  ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თნახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს.  რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით,  მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა  ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.
აღნიშნული ქმედებით  გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით – 93,299 მ3,  12 580,69 ლარად  ღირებულების  ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი.
გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის  უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს  კრეფდა,  რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი  თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.
ამდენად ლევან ბობოხიძე თაღლითურად დაეუფლა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, კუთვნილ დიდი ოდენობით  თანხებს, რითაც არსებითად შეილახა ზემოხსენებულ პირთა კანონიერი ინტერესი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და“ბ“  და მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პ, 25, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25, 341-ე მუხლებით,  რაც სასჯელის სახით  7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები