დიმიტრი ქუმსიშვილი: 2016 წლის თებერვალ-მარტიდან მაკროეკონომიკური ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან მაკროეკონომიკური ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება და ის წლიური პროგნოზი, რომელიც გვაქვს, აუცილებლად მიღწეული იქნება. მართალია, ჯერ ადრეა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ აპრილშიც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი იქნება და შემდგომ თვეებშიც მოლოდინი კარგი გვაქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
 
ქუმსიშვილის თქმით, პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, მარტიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით, 11%-ით გამყარდა; ეკონომიკაში ნეგატიური მოლოდინების მინიმიზაციის შედეგად შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ისედაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო; ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ფასიან ქაღალდებზე, რაც ეკონომიკაში გრძელვადიანი ნდობის აღდგენაზე მიუთითებს.
 
მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ექსპორტის რეალური ზრდა ფიქსირდება. ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი 16%-ია. ასევე, გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც.
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები შემდეგ თვეებში უფრო მაღალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები