გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამერიკელ ინვესტორებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს

საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
“საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას. მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი  მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
ვრცელ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილი  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომაროებას შეეხო და ხაზი გაუსვა,  საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას გააღვივოს აფხაზ და ოს მეგობრებთან  მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
“ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად, მე გამოვედი საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და დაინტერსებულ მხარეს შორის კომუნიკაციის რამდენიმე ტიპისა და ფორმატის გამოყენების ინიციატივით,”-აღნიშნა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს  გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პრემიერ-მინისტრის საჯარო მოხსენებას მშვიდობის ინსტიტუტის პროფესორები და ამერიკელი ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  სენატორი კრის მერფი, საქართველოშიაშშ-ის ელჩი იან კელი და ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები