გიორგი ყუფარაძე, იგივე „ბეტონა“ დაკავებულია – იგი საბერძნეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალშია მოთავსებული

„სერიულ მკვლელობაში მხილებული გიორგი ყუფარაძე, იგივე „ბეტონა“ დაკავებულია“,- ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალშია მოთავსებული და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამავე სტატიის თანახმად, „ბეტონას“ თბილისში ექსტრადირების პროცედურები უკვე დაწყებულია. მის ინტერესებს კი ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე იცავს, რომელიც მაგდა პაპიძის ყოფილი ადვოკატია. „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, აღიარებს თუ არა დანაშულს გიორგი ყუფარაძე, ადვოკატი აცხადებს, რომ არ სურს პრესასთნ აღნიშნულ საქმეზე საუბარი.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიორგი ყუფარაძემ საქართველო დანაშაულის ჩადენიდან მალევე დატოვა და ევროპის რამდენიმე ქალაქს აფარებდა თავს. მასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ყუფარაძე ამ დროისთვის საბერძნეთშია.
ამავე წყაროს მეშვეობით, გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რომ სხვა საქმეზე დაკავებულმა ვასილ გოშაძემ, რომელიც დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, გამოძიებასთან ითანამშრომლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი მეშვეობით გავიდა ძიება ყუფარაძის კვალზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვასილ გოშაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის დეკემბერში 575 აბი სუბოტექსით დააკავეს. გოშაძეს მიმართ წაყენებული ბრალი უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მან საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გამოძიებასთნ ითანამშრომლა და დედა-შვილის მკვლელობა აღიარა. დაასახელა ამ საქმის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძეც და საქმესთან შეხებაში მყოფი კიდევ ორი პირი. საუბარია ირაკლი კაკაურიძეზე, რომელიც ყუფარაძის მამიდაშვილია და ზურაბ ესიაშვილზე.
ამ პირებს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ირაკლი კაკაურუძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. რაც შეეხება ზურაბ ესიაშვილს, სასამართლომ მას 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სავარაუდოდ, კვეზერელების მკვლელობის საქმეზე თბილისში დაკავებული პირები გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
მედია საქმეში ბრალდებული პირების წარსულით დაინტერესდა, რომელიც კვეზერელების მკვლელობაზე არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა.საარქივო მასალიდან ირკვევა, რომ გიორგი ყუფარაძემ 2008 წელს თბილისში, სვანეთის უბანში, 200 დოლარის გამო განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა აზერბაიჯანელი ძმები უსოიანები და მის მიერ ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. სწორად ამ საქმის შემდეგ მოიხსენიებენ კრიმინალურ წრეებში ყუფარაძეს მეტსახელით – „ბეტონა“ .
ყუფარაძემ ციხეში 6 წელი გაატარა, თუმცა მას 27-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამავე პერიოდში 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ყუფარაძის თანამზრახველს, ვასილ გოშაძეს, რომელმაც 2008 წელს გლდანში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა და მკვლელობა ჩაიდინა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ორივე მსჯავრდებულს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, სასჯელის ვადა შეუმსუბუქდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყუფარაძემ და გოშაძემ, სასჯელის განახევრების სანაცვლოდ, პროკურატურასთან მაშინდელი პარლამენტარის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე ითანამშრომლეს. სავრაუდოდ, პარლამენტარის შვილის გახმაურებული მკვლელობის საქმე მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გაიხსნა.
ყუფარაძემ და გოშაძემ კი ციხე 2013 წელს დატოვეს და როგორც ირკვევა, დანაშულებრივ საქმიანობას დაუბრუნდნენ – დედა-შვილი კვეზერელები დახოცეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა კვლავ საპროცესო გარიგების შედეგად გაიხსნა – ვასილ გოშაძემ, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, სამართალდამცველებს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები