ფილმების უკანონოდ განთავსებისთვის Adjaranet.com-ს შესაძლოა, სანქციები დაეკისროს

ინტერნეტ ვებგვერდ Adjaranet.com-ს ფილმების უკანონოდ განთავსებისთვის შესაძლოა, სანქციები დაეკისროს. საუბარია რამდენიმე კინოპროდუქტზე, მათ შორის 2016 წლის ფილმ „არჩევანზე“, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება ქართულ კინოთეატრებს აქვთ.13059417_1071704829540062_1803958829_n
„არჩევანის“ პრემიერა კინოთეატრებში 21 აპრილს შედგა, პრემიერიდან 1 დღეში კი, ქართულად ნათარგმნი ფილმი Adjaranet.com-ზე გამოჩნდა და კინომოყვარულებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
ფაქტით „კვირა“ დაინტერესდა და შპს „კინო დისტრიბუციის“ იურისტ ზურაბ ბეჟაშვილს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ Adjaranet.com-ზე გარკვეული დასახელების ფილმები უკანონოდ არის განთავსებული. მისივე თქმით, კინოინდუსტრიას ვებგვერდისთვის ფილმის გამოქვეყნების უფლება არ მიუცია.
ბეჟაშვილის მტკიცებით, ამჟამად ეს ფილმები კინოგაქირავებაშია და მათი გახმოვანებისა თუ ჩვენების უფლება არცერთ ვებგვერდს არ აქვს.
„კინოდისტრიბუცია არის კომპანია, რომელიც ყიდულობს კონტენტს, ანუ იმ კონკრეტულ ფილმებს, რომელსაც შემდეგ აძლევს კინოგაქირავებებს.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფილმს და Adjaranet- ს, ჩვენ სამართლებრივ დავაში ვიმყოფებით, მოვითხოვთ, დაცული იყოს ჩვენი უფლებები, მივმართეთ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და ველოდებით საქმის მსვლელობას.
ეს და სხვა ფილმებიც, რომლებიც უკანონოდ დევს Adjaranet.com-ზე, უნდა იქნას აღებული, რადგან ვებგვერდისთვის კინოინდუსტრიას უფლება არ მიუცია.
ამჟამად ეს ფილმები კინოგაქირავებაშია და არცერთ ვებგვერდს არ აქვს მისი გახმოვანების და ჩვენების უფლება.
კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს და რა სანქციები დაეკისრება Adjaranet-ს, გვეტყვის კომისია, სანქციები აუცილებლად იქნება და კომისიაც განაჩენს არ დააყოვნებს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში „კვირას“ განუმარტეს, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც Adjaranet.com-მა დაარღვია და ფილმი, რომლის გამოქვეყნების უფლებაც არ ჰქონდა, საიტზე მაინც განათავსა.
„მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ვებგვერდმა აიღო კიდეც გარკვეული დასახელების ფილმები, თუმცა სამუშაო პროცესი დღემდე გრძელდება.
ამასთან, ჩვენი კომისია ახალ ვებგვერდს ქმნის, სადაც იქნება ჩამონათვალი იმ კინოპროდუქტების, რომლებიც საავტორო უფლებებით იქნება დაცული.
„კვირამ“ დამატებითი კომენტარისთვის ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა მათგან განმარტება ამ დრომდე ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები