კახა კალაძე ცდოს მოსახლეობის პროტესტზე: იქ აქციების ჩასატარებელი არაფერი არ არის
ზოგიერთი არასამთავრობო, ბნელი ძალები ცდილობენ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალონ, – ასე ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს მოსახლეობის პროტესტს.
კალაძის თქმით, აქციების ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან პროექტი, რომელიც ხორციელდება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
”აქციების ჩასატარებელი არაფერი არ არის, იქ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო, ბნელი ძალები ცდილობენ, ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალონ. არ ვიცი, რისთვის და რა ბნელი ზრახვები აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს იქ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს მოსახლეობა მოითხოვს, დროებით შეჩერდეს დარიალი-სტეფანწმინდის 220კვტ-იანი გადამცემი ხაზის იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც უშუალოდ ცდოში მიმდინარეობს და მოსახლეობას მიეცეს სასამართლოში სამართლებრივი დავის საშუალება.