დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის არსებულ ვითარებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას კახეთის რეგიონში.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის პრეზენტაცია კახეთში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელშიც რეგიონულ განვითარებას ერთერთი ცენტრალური ადგილი უკავია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, კახეთში მეღვინეობა და ტურიზმის ბიზნესის განვითარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. „პრინციპულადაა მნიშვნელოვანი, კახეთში მეტი ვიზიტორი გვყავდეს, რათა მათ ჩვენ ადგილზე შევთავაზოთ ღვინო და ღვინის ტურიზმი განვავითაროთ,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, თუ რა დაბრკოლება არსებობს კახეთში ღვინის ტურიზმის უფრო მეტად განვითარების მიზნით, რომელთა გამოსწორების შემდეგაც კახეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელზეც გადაწყდა, რომ მომდევნო ანალოგიური შეკრება რამდენიმე კვირაში გაიმართება, რომლის დროსაც კონკრეტულ მიმართულებებზე იქნება საუბარი.
შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები