მარკ პრიჩარდი: ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე

ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, „ევროპელი კონსერვატორების“ წევრმა მარკ პრიჩარდმა განაცხადა,რითიც ის სუს-ის მიერ ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირის დააკავების ფაქტს გამოეხმაურა.
“ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე. ყველაზე უმთავრესი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა. სულ რამდენიმე საათის წინ მათ აღკვეთეს ურანი-238-ის გაყიდვის ფაქტი, რომელიც შესაძლებელია ტერორისტების ხელში ჩავარდნილიყო“,- განაცხადა მარკ პრიჩარდმა.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აღნიშნულ თემაზე კითხვით მიმართა.
“ჩვენ ვიცით, რომ ნატომ და ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტერორისტები აქტიურად ეძებენ მსგავს მასალებს. როგორ ფიქრობთ, რა ძალისხმევას შეიძლება მიმართოს საქართველომ, რუსეთის ფედერაციამ და ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, იმისათვის, რომ ქიმიური იარაღი და ბირთვული მასალები არ აღმოჩნდეს იმ ადამიანების ხელში, რომელთა მიზანიც არის ზიანი მიაყენოს ყველა ჩვენთაგანს და მათ შორის ევროპას?“- მიმართა მარკ პრიჩარდმა საქართველოს მთავრობის მეთაურს.
საქართველოს პრემიერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ იმ პირების დაკავება, რომლებიც ცდილობდნენ ურანის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
„ნამდვილად, იმ კრიმინალთა დაკავება, რომლებიც ცდილობდნენ ურანის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება და ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ნიუ-იორკში გამართულ ბირთვულ სამიტს და ამ კუთხით თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან. ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა სამეფომ გაგვიწია დახმარება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის დაარსებაში, რაც დიდ წარმატებას წარმოადგენს და ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხეობის ძალებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები