„ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი უფასოდ დაუთმონ“

„ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ“,- აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ეს შეთავაზება ბაზრობების ადმინისტრაციების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„თვითონ ბაზრობების ადმინისტრაციის მხრიდან არის მზაობა, რომ ეს ადამიანები წლის ბოლომდე შეიყვანონ უფასოდ, რომ არ მოუწიოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტი იქნეს გათვალისწინებული. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. საკვები პროდუქტებით გარეთ ვაჭრობა დაუშვებელია“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.
„ჩვენ კარგად გვესმის ამ ადამიანების გაჭირვება. ისინი გარეთ არ ივაჭრებდნენ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით ხელი ეშლებათ იმ ადამიანებს, ვინც ცივილური ფორმით ახორციელებს ვაჭრობას, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, სწორი კომუნიკაციის და კოორდინაციის გზით, ეს ადამიანები დროთა განმავლობაში უფრო ცივილიზებული ფორმით ვაჭრობაზე გადავიყვანოთ. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი და კომუნიკაცია იმ ორგანიზატორებთან, რომლებიც ახორციელებენ ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზაციას, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით ამ საკითხს მოვაგვარებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები