კიბერუსაფრთხოების სწავლების კურიკულუმის შემუშავების პროექტის შემაჯამებელი ვორკშოფი გაიმართა
დღეს კიბერუსაფრთხოების სწავლების კურიკულუმის შემუშავების პროექტის შემაჯამებელი ვორკშოფი გაიმართა. შემაჯამებელი პროექტი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ კონსორციუმის (PfP Consortium) ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობით შედგა. მისი მიზანი კურიკულუმის საბოლოო შეფასება და კიბერუსაფრთხოების უმაღლეს სასწავლებლებში საგნად დანერგვისთვის პრაქტიკული წინადადებების შემუშავება იყო.
აღნიშნული კურიკულუმი განკუთვნილია თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებისთვის. პროექტის შედეგად შემუშავებული კურიკულუმის გამოყენება შეეძლება თავდაცვის და უსაფრთხოების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ინსტიტუტებს. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დღეს გამართულ ვორკშოფში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები. ვორკშოფის განმავლობაში ბიუროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია ბიუროს საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ: კერძოდ, ბიუროს წარმომადგენლებმა კიბერრეზერვისა და დაჭრილი სამხედროების კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის ინტრუქტორებად გადამზადების პროექტების შესახებ ისაუბრეს.
დღევანდელ ვორკშოფში მონაწილეობდნენ: კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები აშშ-ს, კანადის, გერმანიის, ჩეხეთის, ირლანდიის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდოვას და სომხეთის წარმომადგენლები. პროექტს მხარს უჭერს ნატოს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების სამმართველო (NATO Emerging Security Challenges Division) და აშშ-ს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრი (George C Marshall European Center for Security Studies).