ირაკლი ლექვინაძე: ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია

თბილისში, სადგურის მოედანზე მოვაჭრეთა დღევანდელ აქციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერიის მხრიდან ბაზრობის ტერიტორიის გაწმენდა ერთი ხელის მოსმით არაჰუმანური გადაწყვეტილება იქნება. მისივე თქმით, გარევაჭრობის აკრძალვა არ იქნება გამართლებული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სოციალურად უჭირს. სწორედ ამის გამო, ლექვინაძემ მოსახლეობას ურჩია, რომ ბაზრობის გარეთ პროდუქტებს ნუ შეიძენენ.
„ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა ვფიქრობთ, არის არაჰუმანური და არ არის გამართლებული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სოციალურად გარკვეულწილად უჭირს. თუმცა ალტერნატიული შეთავაზება შესაძლებელია. უბრალოდ შემიძლია მოსახლეობას ვთხოვო, მათი ჯანმრთელობის საკითხია ეს და არა სხვისი, ქუჩაში პროდუქტი არ შეიძინონ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნის ბაზრობის მოვაჭრეებმა დღეს დილიდან გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. სავალი ნაწილის გადაკეტვისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით კი აქციის ოთხი მონაწილე დააკვეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები