ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხს. შეხვედრაზე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი. ქართულმა მხარემ ასევე დააყენა აღდგომის დღესასაწაულზე მოსახლეობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების შესაძლებლობის საკითხი.