მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს აცხადებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარი კიევში, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“როგორც ჩანს, შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის, და ახლა რაღაც შეცვალეს ფორმები, რადგან კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა, მაგრამ თავგასულ რუს ოლიგარქებს… უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, ამ ქალბატონის, ტიმოშენკოს მაგალითზე, რითი მთავრდება ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება… ცუდად მთავრდება, ცუდად, ჩემი რჩევაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ დაკითხვაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთკვირიან ვადა მისცა.