ექსპერტი: სუსის მიერ ამოღებული ურანის გამოსხივების დისტანცია 2 მეტრზე ნაკლებია

რადიაციული დაცვის სპეციალისტი გიორგი ნაბახტიანი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ამოღებული ბირთვული მასალა ურანი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მასალის გამოსხივების დისტანცია 2 მეტრზე ნაკლებია.
ნაბახტიანი ერთ-ერთია, იმ სპეციალისტებს შორის, რომელიც რადიოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობდა.
“ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაახლოებით ორ მეტრში არავითარი გამოსხივება არ ფიქსირდება. გამოსხივება უტოლდება ბუნებრივ ფონს,რომელიც ისედაც არის გარემოში. ასე რომ, ამ ნივთირების გამოსხივება საფრთხეს ვერ შეუქმნიდა იმ ბინის გვერდით არსებულ ბინებში მყოფ ადამიანებს, სადაც აღნიშნული ნივთიერება ინახებოდა. სიცოცხლისთვის საზიანო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ 24 საათი იჯდები იმ ოთახში, სადაც ეს ნივთირეება იქნება“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ნაბახტიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები