ბექა ნაცვლიშვილი: თუ პარტიები ადმინისტრაციულ რესურსს გამოყენებენ, ეს მათთვის უარყოფით შედეგს მოიტანს
საკრებულოს წევრმა, „სოციალ დემოკრატმა“ ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დღევანდელი მთავრობის წევრებმა არჩევნებში გასვლის დროს გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, მან განაცხადა, რომ თუ ეს ასე მოხდა, ფაქტი აუცილებლად გაცხადდება და ეს პროცესი უკიდურესად ნეგატიური იქნება. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ისევ და ისევ პარტიის რეიტინგზე იმოქმედებს.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ცალსახად ნეგატიური პროცესია. თუ გამოყენებენ, ეს ცხადი იქნება, უპირველეს ყოვლისა, მათთვის დანაკლისი გახდება და უარყოფით შედგს მოიტანს. ნებისმიერი იტყვის, რომ მათ ადმინისტრაციული პროცესი გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, გამოიყენებენ თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს, აქ საკითხი ასე არ დგას. ჩვენ ახლა უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რომ შეიძლება მთავრობაში იყვნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არჩევნებში ერთმანეთის მოწინააღმდეგები აღმოჩნდნენ, ეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ხდება და ახალი აქ არაფერია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.