ბექა ნაცვლიშვილი: კოჰაბიტაცია „ქართული ოცნების” არჩევანი არ ყოფილა
ინსტიტუციური თვალსაზრისით, ჩვენ შესაძლოა, არ ვართ ევროპასთან ძალიან ახლოს, მაგრამ ვდგებით ხოლმე იმ აუცილებლობის და მოცემულობის წინაშე, რომლის გამოცდილებაც მანამდე არ გვქონია, მაგალითად, კოჰაბიტაცია, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, „სოციალ-დემოკრატმა“ ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, კოჰაბიტაცია “ქართული ოცნებისთვის” არა არჩევანი, არამედ ის აუცილებლობა იყო, რომელსაც ის გვერდს ვერ აუვლიდა.
„ზოგიერთს ჰგონია, რომ კოჰაბიტაცია ეს იყოს „ქართული ოცნების“ არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი არ ყოფილა.
ამ აუცილებლობას თვითონ კონსტიტუციური მოდელი ქნის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგალითად, დღესდღეისობით, როდესაც გერმანიაში ორი დიდი პარტია, რომელიც ტრადიციულად ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან და ნებით კოალიციას არ შექმნიდნენ, აუცილებლობამ მოითხოვა, რომ კოალიცია შეექმნათ და სწორედ ამ რეჟიმში არიან ისინი მთავრობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად აწარმოებენ. ეს მიღებული პრაქტიკაა და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტიტუტის დამკვიდრების მომენტი, რომელიც დღეს დგება საქართველოში. ეს არც სამართლებრივი კოლიზიაა და არც კონსტიტუციური კოლიზია. ეს არის ნორმალური პროცესი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.