სტუდენტები მე-6 კორპუსის დატოვებას პრემიერის ოფიციალურ განცხადებამდე არ აპირებენ

“აუდიტორია 115”-მა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საგანაგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში იმ ძირითად მოთხოვნებზეა საუბარი, რა მოთხოვნებიც, “აუდიტორია 115“-ის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დააყენეს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ” აუდიტორია 115″ მე-6 კორპუსს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, რაც პრემიერ-მინისტრი მათ მიერ დასახელებულ საკითხების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
“16 აპრილს “აუდიტორია 115” გამაგრდა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. გიორგი კვირიკაშვილი ეწვია “აუდიტორია #115”-ს. სტუდენტებმა დავაყენეთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები:
1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
2. თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას.
3. ე.წ. ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას.
4 აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.
პრემიერ-მინისტრი ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა “აუდიტორია 115”-თან თანამშრომლობაზე. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის. საერთო გადაწყვეტილებით, “აუდიტორია 115″ მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები