ავსტრიული მედია საქართველოს ევროპოლის ახალ პროექტში გაწევრიანებას ეხმიანება
ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციას, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მიწვეული, როგორც ძირითადი პარტნიორი და მთავარი მომხსენებელი, ავსტრიის ტელევიზია ვრცელ სიუჟეტს უძღვნის.
„საქართველო, თავისი ოთხმილიონიანი მოსახლეობით, პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ახალ პროექტს შეუერთდა. პროექტის მიზანი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა. ევროპოლის წარმომადგენლები მოხარულები არიან საქართველოს პარტნიორობით.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ 700 ათასი ევროთი ფინანსდება, ქართველ სამართლადამცველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივ კოლეგებთან უფრო სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, გრძელვადიანი მივლინებით გაემგზავრონ ვენაში და ოპერატიულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა“, – ნათქვამია სიუჟეტში.
ავსტრიის ტელევიზიასთან ინტერვიუში ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
„უკვე კარსაა მომდგარი ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავცვალოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მარტინუ ოლდრიხმა.