რაში ვერ დაარწმუნა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი შვილები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ არის გადასადგმელი. პრემიერს მიაჩნია, რომ დღეს უმაღლესი განათლების სისტემა უმუშევარ ადამიანებს აწარმოებს. მისი თქმით, უმჯობესია ახალგაზრდებმა უფრო ვიწრო სპეციალობები აირჩიონ.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი განათლების სისტემაში. განსაკუთრებით, ვსაუბრობ უმაღლესი განათლების სისტემაზე, რომელიც პირდაპირ უმუშევარ ადამიანებს აწარმოებს. შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, რომლებიც ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გადავარწმუნე, არ აერჩიათ ბიზნესის სპეციალობა. საერთოდ არ მესმის, ოთხი წელი ბაკალავარის დონეზე ადამიანმა რატომ უნდა ისწავლოს ბიზნესი. 18 წლის ახალგაზრდამ რატომ უნდა ისწავლოს 4 წელი ბიზნესი. ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ისინი იძენენ, არ ემყარება უფრო ფუნდამეტურ და კარგ განათლებას. პირველი სამი შვილი წავიდა ბიზნესის სპეციალობით. ეს არის ჩემთვისაც კატასტროფა, იმიტომ რომ ვერ დავაჯერე კონკრეტული სპეციალობა აერჩიათ ან აერჩიათ უფრო ზოგადი პროფილი, სადაც უფრო ფუნდამეტური მეცნიერებები გაეფართოებინათ, აირჩიეს ბიზნესი და მე მგონია, რომ ეს არასწორია. იმდენი ადამიანი ამთავრებს საქართველოში ამ სპეციალობას და შემდგომში ეს ადამიანები არიან მიმართულების გარეშე, ბევრი მათგანი რჩება უმუშევარი და მერე უწევთ გადაკვალიფიცირება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები