გიორგი კვირიკაშვილი: ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, კერძო ჯანდაცვის პაკეტი უნდა ჰქონდეთ

ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი, საკუთარი ქონება დააგირაონ იმისთვის, რომ გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების გაიაფება დაწყებულია, და ეს პროცესი გაგრძელდება.
“ჯანდაცვაში ყველაზე წარმატებული პროექტი განხორციელდა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი, საკუთარი ქონება დააგირაონ იმისთვის, რომ გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია და იმკურნალონ.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა, რომელიც დღეს გაქვს, არის იდეალური. ჯანდაცვის მინისტრი ძალიან ატიურად მუშაობს  არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის გახდეს უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული, მოხდეს რესურსების გადანაწილება ისე, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მათ მიიღონ უფრო მდიდარი პაკეტი, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობები საკუთარი ჯანდაცვა უკეთესად უზრუნველყონ, მათ მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი. ასეთი მოდიფიკაციები დღეს დაწყებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამას გარდა, ხორციელდება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელი.  დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი, მედიკამენტების გაიაფება არის დაწყებული, ეს პროცესი გაგრძელდება”,- აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოში იგეგმება ახალი ფარმაცევტული საწარმოების აშენება.
“საქართველოში ასევე იგეგმება, პარტნიორობის მოდელზე დამყარებული ახალი ფარმაცევტული საწარმოები აშენდეს. ჯენერიკები ანუ ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც არის მსოფლიოში აპრობირებული, იქნება საქართველოში წარმოებული და ეს თავის მხრივ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჯანდაცვის უზრუნველყოფის ხარისხს და მეორეს მხრივ, შექმნის ექსპორტის პოტენციალს სხვა ქვეყნების მიმართულებით”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები