აშშ-საქართველოს აკადემიური და კულტურული თანამშრომლობა 25 წელს ითვლის – საიუბილეო ღონისძიებას პრემიერი დაესწრო

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის (EPAG) ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა და მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ–ის მთავრობამ არაერთი სასწავლო გაცვლითი პროგრამა დააფინანსა.
“დღეს გვაქვს საშუალება ვიზეიმოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის 25 წლის იუბილე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათლების სფეროში თანამშრომლობა. დღეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. ეს არის მართლაც ქსელი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური სიმდიდრის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეიქმნა. 90-იან წლებში, როდესაც წარმოუდგენელი იყო სხვა რაიმე გზით მოხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, მე მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი “მასკის” პროგრამის მონაწილე. ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაცვლითი პროგამების კურსდამთავრებულები არიან არა მხოლოდ საქართველოს კულტურული ელჩები ამერიკაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული ელჩები საქართველოში, რომელთაც დიდი მისია აკისრიათ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი პროგრამები გრძელდება და დღეს საქართველოს ასობით მოქალაქე იღებს თანამედროვე განათლებას.
„დღეს ჩვენ თანამედროვე საქართველოს ვაშენებთ და ჩვენი განათლების სისტემის რეფორმაც თავისთავად, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, დღეს გვაქვს საშუალება საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს ქართველმა სტუდენტმა, რაც ვფიქრობთ, რომ უდიდესი წარმატებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობისა. ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაა. ამიტომაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის განვითარება მომავალში. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დახმარების კიდევ უფრო განვითარებისთვის, მასშტაბის გაფართოებისთვის და ვფიქრობ, კიდევ არაერთ ქართველ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება, საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღოს განათლება, “–განაცხადა პრემიერმა.
მანვე გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ისინი აქტიურ წვლილს შეიტანენ საქართველოს მშენებლობაში. EPAG–ი აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 17 სასწავლო და პროფესიულ გაცვლით პროგრამას. EPAG დაფუძნდა 2014 წელს მასკის პროგრამის მონაწილეთა ასოციაციის საფუძველზე, რომელმაც რეორგანიზაციის შედეგად ასოციაციის კარი გახსნა აშშ-ის მთავრობის ყველა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის. ამ დროისათვის ასოციაცია აერთიანებს 550-მდე წევრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები