გიორგი ჩიქოვანი “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

„ახალგაზრდული ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი “რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ზურაბიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა “მოულოდნელი და რეალობისაგან” მოწყვეტილი განცხადება გააკეთა.
„დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა მოულოდნელი და რეალობისაგან შორს მდგარი განცხადება, კერძოდ მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ პრორუსული ძალების ერთგვარი ცენტრი და დასაყრდენი საქართველოში, თითქოსდა, ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა პრორუსული ძალების გაძლიერება საქართველოში.
როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ამნეზიასთან. თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს უახლოეს წარსულს, დავინახავთ, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს მოხდა ევროკავშირთან ასოცირებისხელშეკრულებაზე ხელის მოაწერა (2014 წლის 27 ივნისს), ასევე მისი მართველობის პერიოდში გამოქვეყნდა ევროკომიის დადებითი დასკვნა ვიზალიბერალიზაციის შესახებ (2015 წლის 18 დეკემბერს). აღნიშნული დასკვნა გახლდათ საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების და ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების დასტური. როგორც ხედავთ, რეალობა და ფაქტები მნიშვნელოვნად განსხვავდება დავით ზურაბიშვილის პოზიციისგან. თუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მართლაც, გახლდათ რუსული პოლიტიკის გამტარებელი, გაუგებარია, თუ რატომ იყო აქამდე ჩუმად დავით ზურაბიშვილი?
როგორც ჩანს, ბოლო დროს გავრცელებული ხმები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ აშინებს „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან მასში ხედავენ ძლიერ და ღირსეულ კონკურენტს, სწორედ ამიტომ ცდილობენ მისი პიროვნების დისკრედიტაციას. „რესპუბლიკელებმა“ გადაწყვიტეს, აღნიშნულ საქმეში „იარაღად“ გამოიყენენ პოლიტიკურად ვერ შემდგარი, ჩამოუყალიბებელი, ურეიტინგო დავით ზურაბიშვილი.
ბოლოს კი დავძენთ, რომ სახელწიფოს სასიკეთოდ წაადგება, თუ დიდ პოლიტიკას მართლა დაუბრუნდება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან მისი გამოცდილება და ცოდნა ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს, განვითრების გზაზე მყოფ, სახელმწიფოს,” – ნათქვამია გიორგი ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები