საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში შეხვედრა გამართეს
საპარტნიორო ფონდის ოფიციალურმა დელეგაციამ ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UNWTO) შეხვედრა გამართა, რომელზეც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, UNWTO-ის წევრი ქვეყნების ურთიერთობის აღმასრულებელ მდივანმა კარლოს ვოგლერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს ორგანიზაციის მთავარ ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში საპარტნიორო ფონდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი „ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენციის“ შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. საუბარი შეეხო ასევე, 2017 წელს დაგეგმილ „ევრაზიის სამთო კურორტების კონფერენციაში“ ჩართულობის საკითხს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქათველოს, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბების პერსპექტივას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის გაუმჯობის საკითხს. UNWTO-ი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს განვითარებაში უწყობს ხელს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე კომპანია IFEMA-ს საერთაშორისო განვითარების დირექტორთან სანტიაგო ქუიროგასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონალური ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას. მხარეებმა საქართველოში საერთშორისო კონფერენციებისა და საგამოფენო ღონისძიებებისთვის ქვეყნის პოტენციალის გამოყენების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. დეტალურად იყო განხილული რაჭის და წყალტუბოს განვითარების კონცეფციები, რომელიც ფონდის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. კომპანია IFEMA-ი საპარტნიორო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ საკუთარ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.