NDI: გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა – ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)-ს მიერ კვლევის ფარგლებში დასმული აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11% ”ნაციონალური მოძრაობას” ანიჭებს უპირატესობას.
კითხვაზე პასუხი არ იცის 43 %-მა, 4 % მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გაიმარჯვებდა, 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტი. პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5 %, აღნიშნულ პასუხში იგულისხმება შემდეგი პარტიები – ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”გირჩი”, ”საქართველოს გზა” და ”ახალი მემარჯვენეები”. საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.