საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღეს მონაწილეობა.
საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესფორუმი ჩატარდა ესპანეთის ნაციონალური ასოციაცია SERCOBE -სა და კომპანია ICEX -ის მხარდაჭერით, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიზნესფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა. დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, სატრანზიტო პოტენციალი და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობა. საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმში მონაწილე აგროინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საპარტნიორო ფონდის სტრატეგია, მანდატი და ის სფეროები გააცნო, რომელშიც პროექტებს ახორციელებს.
ბიზნესფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების CATRI-ს, DAYMSA-ს, TECHNOVE, GANDARIA-ს ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს აგროინდუსტრიის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მადრიდში საქმიანი წრეების წარმომადგენლბეთან შეხვედრებს განაგრძობს.