“ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა არ ექნება”

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი აგვისტომდე გაიმართება.
მისი თქმით, ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე საქმის კურსში არიან და ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ოფიციალურ თბილისს ძალიან სერიოზული კომუნიკაცია ექნება.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა. მსგავსი სახის მოწოდებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად კიდევ ერთხელ გაისმა მსგავსი სახის მოწოდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მცდელობა „მცოცავი ანექსიის“ გაგრძელებისა და, ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიკვეთოს ეს ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები